დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები წარმოადგინეს. თემატური ნამუშევრები ასახავდა მათ დამოკიდებულებასა და შეხედულებებს დაცული ტერიტორიების სარგებელთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
კონკურსი „დაცული ტერიტორიები – მათი მნიშვნელობა და სარგებელი“ დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეროვნული პარკების კვირეულის აღსანიშნად, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის – „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ – ფარგლებში ჩაატარა. ეროვნული პარკების კვირეული საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოში აპრილის ბოლო კვირაში აღინიშნება. ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდას ბუნების დაცვის სფეროში.
სააგენტოს ინიციატივით, პროექტი – „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად.