აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს 8 მაისს, ხოლო პირველ მსოფლიო ომში - 11 ნოემბერს აღნიშნავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
„ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული შედეგის მისაღწევად.
ამით მე 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ვაწესებ,“ - წერს ტრამპი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ორივე ომი მოვიგეთ და არავინ იყო ჩვენს გვერდით ძალით, გამბედაობითა თუ სამხედრო ბრწყინვალებით“, „ჩვენ არასდროს არაფერს ვზეიმობთ - ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს!“
„ჩვენ კვლავ ვიზეიმებთ ჩვენს გამარჯვებებს!“ - აღნიშნა ტრამპმა.