აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 აპრილს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას „ნუგეშის მომენტი“ უწოდა. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკისთან საუბრის გახსენებისას, ტრამპმა თქვა, რომ „უკრაინა ძალიან სერიოზულ, ძალიან რთულ სიტუაციაშია“.
„ეს ჩემი ომი არ არის, მაგრამ მინდა ვცადო მისი მოგვარება, რადგან, სავარაუდოდ, ყოველ კვირას დაახლოებით 5 000 რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა ჯარისკაცი, იღუპება. ჩვენ ასევე უზარმაზარ თანხებს ვხარჯავთ უკრაინაში და ევროპამ გაცილებით მეტი უნდა დახარჯოს და არა ნაკლები, - აღნიშნა მან.
როდესაც წამყვანმა ჰკითხა, როგორი იყო ვატიკანში საუბრის ატმოსფერო, აშშ-ის პრეზიდენტმა მას „გარკვეული გაგებით ნუგეშის მომენტი“ უწოდა, რადგან უამრავი ადამიანი იღუპება.
„მისი ხალხის დიდი ნაწილი იღუპება, მათ კლავენ. და მე ძალიან განვიცდი ამას“, - თქვა ტრამპმა.