აშშ მზადაა უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუმცა კიევმა დოკუმენტში საკუთარი ცვლილებების შეტანა შესთავაზა.
ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინელებმა გუშინ ღამით გადაწყვიტეს ბოლო წუთს ცვლილებების შეტანა. დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას გადახედავენ“, - თქვა მან.
მისი თქმით, თუ უკრაინა მზად იქნება შეთანხმებისთვის, მას ოთხშაბათს მოაწერენ ხელს.
ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებიდან არც ერთი პუნქტი ამოუღიათ და ეს იგივე შეთანხმებაა, რომელიც წინა დღეს განიხილეს.
როგორც CNN იუწყება, აშშ მზადაა უკრაინასთან ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუმცა კიევი ცდილობს პირობების გადახედვას.
CNN -ის წყაროს ცნობით, შეერთებული შტატები მზადაა, ოთხშაბათს ხელი მოაწეროს უკრაინასთან ბუნებრივი რესურსების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
თუმცა, ეს დამოკიდებულია კიევის მზადყოფნაზე, შეასრულოს გასულ კვირას ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები.
წყაროს ცნობით, უკრაინული მხარე ცდილობს შეთანხმების რიგი პუნქტების გადახედვას, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტებზე მხარეები შაბათ-კვირას შეთანხმდნენ.
ამასთან, Financial Times-ი იტყობინება, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა.
როგორც გამოცემა წერს, როდესაც უკრაინის ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აშშ-ში მიფრინავდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ის „მზად უნდა იყოს ყველა შეთანხმების ხელმოსაწერად ან სახლში დასაბრუნებლად“.
როგორც გამოცემას უკრაინის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს სურს როგორც ჩარჩოშეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს, შეთანხმების შესახებ ერთდროული ხელმოწერა.
უკრაინულმა მხარემ კი გამოცემას განუმარტა, რომ აშშ-ის ინფორმაცია არაზუსტია და კიევს არ შეუძლია ორივე დოკუმენტის ხელმოწერა ოთხშაბათს, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე უნდა იყოს რატიფიცირებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.