მადაგასკარი აპირებს ბავშვებზე სექსუალურად მოძალადეების კასტრაციას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონი.
ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს სენატმა დაამტკიცა კანონი, რომლითაც დაშვებულია არასრულწლოვნის გაუპატიურებაში დამნაშავეთა ქიმიური და ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული კასტრაცია.
ახლა უკვე კანონს ძალაში შესასვლელად სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელიც თავად გამოვიდა ასეთი მკაცრი ზომების შემოღების ინიციატივით.
კანონპროექტი გააკრიტიკეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა, თუმცა მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა აქტივისტებმა, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ იქნებ "კანონმა მაინც შეაკავოს "გაუპატიურების კულტურა".
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო ბავშვების გაუპატიურების შემთხვევების გაზრდის გამო.
მისი თქმით, 2023 წელს არასრულწლოვნის გაუპატიურების 600 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში 133.
კანონის თანახმად, ქირურგიული კასტრაცია ემუქრება 10 წლამდე ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულს.
10-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების გაუპატიურების შემთხვევები დაისჯება ქირურგიული ან ქიმიური კასტრაციით. 14-დან 17 წლამდე ბავშვების გაუპატიურება კი დაისჯება ქიმიური კასტრაციით.
გარდა ამისა, არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებს ქიმიურ ან ქირურგიულ კასტრაციასთან ერთად, უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა დაგმო კანონი, როგორც "არაადამიანური და დამამცირებელი" და განაცხადა, რომ ის არ შეესაბამება კუნძულის კონსტიტუციურ კანონებს.
ორგანიზაციის განცხადებით, ქირურგიული კასტრაცია განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ბრალდებულის სააპელაციო წესით გამართლების შემთხვევაში, ზიანი გამოუსწორებელი იქნება.
ზოგიერთი ადგილობრივი აქტივისტი ეთანხმება კანონს, რადგან ამბობენ, რომ პედოფილის წინააღმდეგ სხვა არაფერი მუშაობს.
რამდენიმე სხვა ქვეყანა ახორციელებს ქიმიურ კასტრაციას სექსუალური დამნაშავეებისთვის, მათ შორის სამხრეთ კორეა და აშშ. ქირურგიული კასტრაცია უფრო იშვიათია, თუმცა ქვეყნები, როგორიცაა ნიგერია და ჩეხეთი, ახორციელებენ პროცედურას თავიანთი კანონების შესაბამისად.