რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა სამმართველომ რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციისთვის“ რუსეთის სახალხო არტისტის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ იუწყება რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „ტასი“.
ივლისში, ახეჯაკოვამ გერმანიის ქალაქ ბრემენში მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში "ჩემი შვილიშვილი ბენიამინი". სპექტაკლის შემდეგ 85 წლის მსახიობი სცენაზე უკრაინის დროშით გავიდა.
ამის შემდეგ, რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას მსახიობის წინააღმდეგ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“, ღალატის მუხლით, საქმის აღძვრა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოსთხოვა.