სათათბირო დარბაზის პირველ სხდომაზე 2010 წლის 25 ნოემბერს გამართული სახალხო კრების შედეგები განიხილეს. სხდომაზე გაცხადდა, რომ დარბაზის შემადგენლობის გაზრდა შესაძლებელია კოპტაციის წესით: მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება კომიტეტები მთელი საქართველოს მასშტაბით, კომიტეტები წარმოადგენენ კანდიდატურებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, კოპტაციის წესით გახდნენ დარბაზის წევრები.
სათათბირო დარბაზის პირველ სხდომაზე დარბაზის სპიკერად აირჩიეს გოგი ქავთარაძე. ასევე ჩამოყალიბდა სახალხო ქომაგის ინსტიტუტი.
"კრება არ მიატოვებს ხალხს. ყველა ის ადამიანი, რომლის მიმართაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნას განიზრახავს, ჩვენგან მიიღებს როგორც სამართლებრივ და მორალურ მხარდაჭერას. ჩვენ რეალურად დავუდგებით საზოგადოებას მხარში", - განაცხადა სახალხო წარმომადგენლობითი კრების თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა.
სახალხო წარმომადგენლობითი კრების აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქომაგთა ინსტიტუტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ქომაგის ინსტიტუტის დებულება წარმოადგინა, რომელიც დარბაზის წევრებმა დამტკიცეს. მათი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ადამიანებზე განხორციელებული ფიზიკური და მორალური ზეწოლა სახალხო პატრულის შექმნის აუცილებლობას იწვევს.
დარბაზის პირველ სხდომაზე გია ბურჯანაძე სახალხო პატრულის თავმჯდომარედ აირჩიეს.
"გვახსოვს, რას უშვრებოდა ხელისუფლება ხალხს 2009 წლის აქციების დროს. პრევენციის მიზნით, უნდა შევქმნათ სახალხო პატრულის ძლიერი ინსტიტუტი. ერთმანეთი უნდა დავიცვათ", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღნიშნული ორგანოს დებულებაზე იმუშავებს.