საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა, ასევე, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
"მივესალმებით მოლდოვის ერთგულებას დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის და იმ ღირებულებებისადმი, რომლებსაც ევროკავშირშიც ვიზიარებთ. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციაში შეიტანა, რაც ცხადად აჩვენებს, რომ ეს არის გზა, რომელიც მათმა ხალხმა საკუთარი მომავლისთვის აირჩია.
მხარს ვუჭერთ მოლდოვას, გახდეს წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ისარგებლებენ იგივე შესაძლებლობებითა და ცხოვრების ისეთი ხარისხით, როგორც ევროკავშირის ყველა სხვა მოქალაქე. მოლდოვის ეკონომიკური ტრანსფორმაცია ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მცდელობის მხარდაჭერას, ააშენოს უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს, მიიზიდავს ინვესტიციებს და ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ყველა მოლდოველს.
ვაფასებთ მოლდოვას რთულ რეგიონულ გარემოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ევროპული მშვიდობისა და უსაფრთხოების საიმედო პარტნიორის როლის შესრულებისთვის. როდესაც ქვეყანა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება აუცილებელია, რომ მოლდოველებმა შეძლონ თავიანთი მომავლის თავისუფლად არჩევა, უცხოური ჩარევის გარეშე. გავაგრძელებთ მოლდოვას მხარდაჭერას მისი დემოკრატიული პროცესების დაცვასა და გარე საფრთხეების მიმართ მისი მდგრადობის გაძლიერებაში". - წერია განცხადებაში.