შეერთებული შტატების სენატმა ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა.
შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგი იყო ერთი - რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული.
მანამდე, სარატიფიკაციო დოკუმენტი დაამტკიცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ.
ახლა დოკუმენტს ხელი თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაგზავნოს.
შეგახსენებთ, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უკვე მოახდინეს საფრანგეთმა, იტალიამ, ალბანეთმა, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, ხორვატიამ, დანიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, ისლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, რუმინეთმა, სლოვენიამ.
ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება საბოლოოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტი პროტოკოლების რატიფიცირებას მოახდენს. ამ პროცესს შესაძლოა ექვსიდან რვა თვემდე დასჭირდეს.
29 ივნისს ნატომ ოფიციალურად მიიწვია შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.
უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩარებული ომის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები ბრიუსელში 18 მაისს წარადგინეს. თავდაპირველად, თურქეთმა განცხადებების განხილვის პროცესი დაბლოკა, თუმცა მოგვიანებით ვეტო მოხსნა.