3 აგვისტოს არაღაირებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიდერმა არაიკ ჰარუთნიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების თაობაზე.
მობილიზაციის გადაწყვეტილება რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე მიიღეს.
არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა და 14 დაშავდა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხური მხარის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ყარაბაღში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, დაიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია "ანგარიშსწორება", რომლის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე აიღეს კონტროლი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 3 აგვისტოს დილით "არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული" ჩაიდინეს "ტერორისტული დივერსია", რის შედეგადაც აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
გუშინ, 2 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანმა ყარაბაღში, რუსი სამშვიდოებოების განლაგების ზონაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია.
2020 წლის შემოდგომაზე, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, აზერბაიჯანმა კონტროლი მოიპოვა მთიანი ყარაბაღის დაახლოებით ნახევარზე, დანარჩენში კი რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, რუსეთის შუამავლობით, ბაქომ და ერევანმა შეთანხმება დადეს, რომლის თანახმადაც, სომეხ სამხედროებს უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია, რომელსაც დროებით რუსი "სამშვიდობები" აკონტროლებენ.
რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის დერეფანსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.
შეთანხმების გაფორმების შემედგ, აზერბაიჯანი რეგულარულად აცხადებდა, რომ სომხეთი არღვევს პირობებს, რადგან არ გაჰყავს სამხედროები ტერიტორიიდან. ბრალდებებს უარყოფენ სომხეთი, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა და რუსეთი.
ფოტო: არქივი