შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სასამართლომ გაი რეფიტს ტეხასის შტატიდან, რომელიც კაპიტოლიუმზე გასულ წელს განხორციელებული შტურმის მონაწილეა, 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
49 წლის ტეხასელი იყო მილიტარიზებული რადიკალური ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრი. მარტში იგი დამნაშავედ ცნეს კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის ფლობაში, პოლიციელებზე თავდასხმასა და გამოძიებაში ხელის შეშლაში.
ამერიკული მედია წერს, რეფიტი დაემუქრა თავის ვაჟსა და ქალიშვილს და მოსთხოვა, არ ეთანამშრომლათ სამართალდამცავებთან.
"მოღალატეები დახვრიტეს", - უთხრა მან 18 წლის შვილს, რომელმაც მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და მოგვიანებით სასამართლოში.
გაი რეფიტი არის პირველი ბრალდებული, რომელიც გაასამართლეს აშშ-ის კონგრესის შენობის შტურმთან დაკავშირებით.
კადრებში ჩანს, რომ რეფიტი კაპიტოლიუმის კიბეებზე პოლიციელებთან შეხლა-შემოხლაშია ჩართული და ბრბოს ამხნევეს. პროკურატურამ მას ბრბოს ლიდერი უწოდა. "სწორედ მან აანთო ის ასანთი, რომელმაც ცეცხლი გააჩინა", - აცხადებენ პროკურორები.

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე, თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის არასდროს აღიარებს არჩევნების შედეგებს. ამის შემდეგ გამძვინვარებული ბრბო შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცედურა მიმდინარეობდა.
არეულობას იმ დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დღეს კი კაპიტოლიუმის პოლიციელი მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. ასობით პოლიციელი დაშავდა, ხოლო ოთხმა მომდევნო დღეებში თავი მოიკლა. კაპიტოლიუმში შეჭრასთან დაკავშირებით 720-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალი სხვადასხვა დანაშაულში.
მოგვიანებით, კონგრესში შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც იძიებს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეს.