შეერთებულ შტატებში ისტორიული ორპარტიული სისტემა შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც მესამე დიდი პარტიის დაფუძნება დაანონსდა.
ათეულობით ყოფილი რესპუბლიკელი და დემოკრატი 28 ივლისს გამოაცხადებენ ახალი, ცენტრისტული პარტიის "წინ" (Forward) დაფუძნების შესახებ.
პარტიის თანათავმჯდომარეები იქნებიან დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ენდრიუ იანგი და ნიუ ჯერსის ყოფილი რესპუბლიკელი გუბერნატორი, ქრისტინ ტოდ უიტმენი.
დამფუძნებელთა განცხადებით, ახალ პოლიტიკურ პარტიას ჯერ არ აქვს კონკრეტული დღის წესრიგი, თუმცა აპირებენ ცენტრისტულ იდეებზე ფოკუსირებას.
"როგორ ვაპირებთ ამერიკის წინაშე მდგარი დიდი პრობლემების მოგვარებას? არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. წინ", - აცხადებენ პოლიტიკოსები.
როგორც იუწყებიან, მათი პარტიული პროგრამის მთავარი საფუძველი იქნება "სამართლიანი, აყვავებული ეკონომიკის აღორძინება", ასევე "მეტი არჩევანის შესაძლებლობის მიცემა ამერიკელებისთვის, მეტი ნდობა მოქმედი მთავრობის მიმართ და მეტი შესაძლებლობა გამოთქვან [ამერიკელებმა] თავიანთი აზრი საერთო მომავლის შესახებ".
ახალი პარტია სამი ორგანიზაციის გაერთიანებას ეფუძნება. ერთ-ერთი მათგანი არის "განახლებული ამერიკის მოძრაობა", რომელიც 2021 წელს შეიქმნა ყოფილი რესპუბლიკელების მიერ, რომლებიც რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუში უფროსის, ჯორჯ ბუში უმცროსისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციებში მუშაობდნენ. ასევე, ენდრიუ იანგის მიერ ადრე დაფუძნებული პარტია და მოძრაობა "ემსახურეთ ამერიკას", რომელიც ყოფილმა დემოკრატმა, რესპუბლიკელმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენის დეივიდ ჯოლის მეთაურობით დააფუძნეს.
ახალი პარტიის დამფუძნებელები აპირებენ პარტიის რეგისტრაციას და არჩევნებში მონაწილოების შესაძლებლობაზე წვდომას 30 შტატში 2023 წლის ბოლომდე, ხოლო 2024 წლის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებისთვის კი ყველა, 50 შტატში.
მე-19 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ცხოვრებაში რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მხოლოდ ორ დიდ პარტიას, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ჰქონდათ. სხვა პოლიტიკური ძალები მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ახერხებენ მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენას პოლიტიკური ცხოვრების მიმდინარეობაზე.
2021 წლის Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, რომ ამერიკელთა რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით ორი მესამედი - მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში მესამე დიდი პარტიის არსებობა.