მამაკაცი, რომელსაც აივ-ის დიაგნოზი დაუსვეს ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, როგორც ჩანს, მთლიანად გამოჯანმრთელდა ვირუსისგან. მედიცინის ისტორიაში ეს მხოლოდ მეოთხე ასეთი შემთხვევაა. იტყობინება BBC.
როგორც იუწყებიან, პაციენტი ამავდროულად ლეიკემიით იყო დაავადებული და შესაბამის მკურნალობას გადიოდა. ამ მკურნალობის ფარგლებში, პაციენტმა მიიღო ძვლის ტვინი დონორისგან, რომელსაც დნმ-ის იშვიათი მუტაცია ჰქონდა, რაც ადამიანებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტს უყალიბებს.
აივ-ისგან განკურნებული მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ახლა 66 წლისაა. ის უკვე 17 თვეა რემისიაშია და აივის ნეიტრალიზაციისთვის საჭირო მედიკამენტებს აღარ იღებს.
BBC-ის ცნობით, მიუხედავად წარმატებული პრაქტიკისა, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია არ მოახდენს რევოლუციას აივ-ის მკურნალობაში, რომლითაც ამჟამად მსოფლიოშ დაახლოებით 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.
"ეს არის კომპლექსური პროცედურა გვერდითი ეფექტების მნიშვნელოვანი რისკით, ამიტომ აივ ინფიცირებულთა უმეტესობისთვის ეს არ შეიძლება", - ამბობს ექიმი ჯეინა დიქტერი, ექიმი კალიფორნიის ქალაქ დუარტეს კლინიკიდან, სადაც მკურნალობდა პაციენტი.
პირველი ადამიანი, რომელიც აივ-ინფექციისგან გამოჯანმრთელდა, იყო ტიმოთი რეი ბრაუნი, რომელსაც თავიდან "ბერლინელი პაციენტი" უწოდეს. ის 2020 წელს გარდაიცვალა, ლეიკემიის რეციდივის შემდეგ. 2019 წელს მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კიდევ ორმა მამაკაცმა ლონდონიდან და დიუსელდორფიდან მდგრად რემისიას ტრანსპლანტატების გადანერგვისა და აივ-ინფექციის სამკურნალო წამლების მიღების შეწყვეტის შემდეგ მიაღწია.