რუსეთის მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც, კრემლის მტკიცებით, რუსეთის სახელმწიფოს, რუსული კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ "არამეგობრულ ქმედებებს" სჩადიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, "არამეგობრულ ქვეყანათა" რიცხვს დაემატა - ბაჰამის კუნძულები და ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის მიწები - კუნძულები გერნსი და მენი.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კუნძულები გერნსი და მენი შეტანილია "არამეგობრულ ქვეყანათა" ნუსხაში, რადგან მათ მხარი დაუჭირეს ბრიტანეთის სანქციებს რუსეთის წინააღდეგ, ხოლო ბაჰამის კუნძულები რუსეთის ბანკებთან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის საკრედიტო ორგანიზაცებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვის გამო.
ბოლოს რუსეთის მთავრობამ "არამეგობრული ქვეყნების" სია 22 ივლისს გააფართოვა და მასში საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი შეიყვანა.
მარტის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა "არამეგობრული ქვეყნების" სია. მაშინდელი განკარგულების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომელთაც "არამეგობრული ქვეყნების" კრედიტორების მიმართ უცხოური ვალუტის ვალდებულებები აქვთ, ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭათ.
გარდა ამისა, ამ ჩამონათვალში არსებული ქვეყნების მოქალაქეებსა და კომპანიებთან რუსული კომპანიების ყველა ტრანზაქცია დამტკიცდება უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისიის მიერ.