მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა მოლაპარაკებები გამართეს.
რუსი და ბრიტანელი დიპლომატების შეხვედრა უკრაინის ირგვლივ არსებული მწვავე ვითარების ფონზე გაიმართა. როგორც ჩანს შეხვედრაც დაძაბულ რეჟიმში წარიმართა, რასაც ლავროვისა და ტრასის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებებ ცხადჰყოფენ.
ლავროვმა შეხვედრას "იმედგამაცრუებელი" უწოდა და ამავე დროს განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით [დასავლეთის] ულტიმატუმისა და მუქარის შემცველი განცხადებები არის გზა, რომელიც არსაით მიდის.
ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან უკრაინის საკითხზე შეხვედრას "მუნჯის საუბარი ყრუსთან" უწოდა.
"სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ მუნჯისა და ყრუს საუბარი გამოგვდის. თითქოს ერთმანეთს ვუსმენთ, მაგრამ ერთმანეთის არ გესმის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი დეტალური განმარტებები მოუმზადებელ ნიადაგზეა. დაახლოებით, ისე, როგორც ამბობენ, რომ რუსეთი ელოდება, როდის გაიყინება მიწა და როდის გახდება ქვასავით, რათა ტანკებმა უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდად გაიარონ", - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ბრიტანელებს არ სურთ რუსეთის არგუმენტების მოსმენა.
თავის მხრივ, ლიზ ტრასმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაასრულოს ცივი ომის რიტორიკა და დასავლეთთან სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს.
ბრიტანელმა დიპლომატმა ასევე მოუწოდა რუსეთს, მოლაპარაკებეზე დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც რუსეთმა 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში თავის თავზე აიღო.
ამასთან, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მტკიცედ გააფრთხილა მოსკოვი, არ შეიჭრას უკრაინაში. როგორც მან აღნიშნა, ინტერვენციის შედეგები კატასტროფული იქნება, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსეთისა და მთლიანად ვეროპის უსაფრთხოებისათვის.
ლიზ ტრასის მოსკოვში ვიზიტს წინ უსწრებდა პირადად მისი და ბრიტანეთის მთავრობის მესვეურთა არაერთი მკაცრი განცხადება რუსეთის მისამართით, რომლებიც აფრთხილებენ კრემლს უკრაინაში შესაძლო შეიარაღებული შეჭრის სერიოზულ შედეგებზე.
მოსკოვში ვიზიტის წინა დღეს, ტრასმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სერიოზული შედეგების" წინაშე აღმოჩნდება.
ბრიტანელი ოფიციალური პირები მოსკოვს ბოლო წლებში იშვიათად სტუმრობდნენ - ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობის შემდეგ.