მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი მოსახლეობას მოუწოდებს, ახსოვდეთ, კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა.
"იმის გათვალისწინებით თუ სად ცხოვრობთ, შეიძლება გრძნობდეთ, რომ პადემია თითქმის დასრულდა, ან დასასრულისკენ მიდის. თუმცა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, "დაავადებებს საზღვრები არ აქვთ" და ომიკრონის შემთხვევების სწრაფმა ზრდამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება "უსაფრთხოების განცდა შეიცვალოს ნებისმიერ მომენტში".
"ჩვენ ვიცით, რომ ეს ვირუსი განაგრძობს განვითარებას, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაუცველები. გვაქვს ინსტრუმენტები ამ დაავადების პრევენციისთვის, ტესტირებისა და მკურნალობისთვის. როდესაც ადამიანებს აქვთ წვდომა ამ ინსტრუმენტებზე, ეს ვირუსი შეიძლება კონტროლს დაექვემდებაროს", - დასძინა მან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 31 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვი, წინა კვირასთან შედარებით, 17%-ით შემცირდა.