ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა წარადგინა ახალი რაკეტა სახელწოდებით "ხეიბარ შექანი" (ციხე-სიმაგრის გამანადგურებელი). იტყობინება ირანული სააგენტო IRNA.
მედიის ინფორმაციით, ახალი რაკეტის მოქმედების სიშორე 1450 კილომეტრია.
მოდიფიცირებული სტრატეგიული შორი მოქმედების რაკეტა მყარ საწვავზე მუშაობს და მისი გაშვების საჭირო დრო, წინამორბედებისგან განსხვავებით, ექვსჯერ არის შემცირებული.
სააგენტოს ინფორმაციით, რაკეტა გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და ის გუშაგთა კორპუსის ირანელმა მეცნიერებმა შექმნეს.
მოსალოდნელია, რომ ირანის მიერ ახალი რაკეტის წარდგენა შეშფოთებას გამოიწვევს ისრაელსა და შეერთებულ შტატებში, რადგან მისი მონაცემების ნამდვილობის შემთხვევაში, რაკეტას შეეძლება მისწვდეს ისრაელსა და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზებს.
ბოლო ხანებია, ბირთვული მოლაპარაკებების კვალდაკვალ, თეირანი განაგრძობს გამალებულ შეიარაღებას. გასული წლის დეკემბერში, ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.