ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები, იან ლიპავსკი, ივაკ კორჩოკი და ალექსანდერ შალენბერგი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიწვევით, კიევს ესტუმრებიან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი ვიზიტი 7-8 თებერვალს არის დაგეგმილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, "სლავკოვის ფორმატის" ქვეყნების საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრების პირველი ვიზიტი უკრაინის მიმართ სოლიდაროების დემონსტრირება იქნება.
ლიპავსკი, კორჩოკი და შალენბერგი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტურ რეგიონს ეწვევიან, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას.
"ჩეხ, სლოვაკ და ავსტრიელ კოლეგებთან დმიტრო კულებას მოლაპარაკების მთავარი თემები იქნება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერება, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელია, რომ ამავე პერიოდში უკრაინას ეწვევიან გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანალენა ბერბოკი და ჟან-ივ ლე დრიანი.
რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინაში ჩავლენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე 120 000-მდე ჯარისკაცი განათავსა. მოსკოვი უარყოფს ახალი შეჭრისთვის მზადებას და ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს.
დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება.