ისლანდია 2024 წლიდან ვეშაპებზე კომერციული მიზნით ნადირობას შეწყვეტს. ამის შესახებ ისლანდიის მეთევზეობის მინისტრმა სვანდის სვავარსდოტირმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ვეშაპებზე ნადირობას ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი აღარ მოაქვს, რადგან მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია.
ყოველწლიური კვოტების თანახმად, ისლანდიელ მეთევზეებს 209 ფარფლიანი ვეშაპის (სიდიდით ვეშაპის მეორე სახეობა ლურჯი ვეშაპის შემდეგ) და 217 Minke-ს (ვეშაპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობა) მოპოვების უფლება აქვთ.
ფარფლიანი ვეშაპები გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა ნუსხაშია.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ვეშაპებზე ნადირობის ლიცენზიის ორმა მთავარმა მფლობელმა, დაბალი მოთხოვნის გამო, შეაჩერა ვეშაპების მოპოვება.
ისლანდიის მიერ მოპოვებული ვეშაპის ხორცზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც 2019 წელს, იაპონიამ დატოვა ვეშაპების საერთაშორისო კომისია და 30-წლიანი პაუზის შემდეგ განაახლა ვეშაპების კომერციული მიზნით მონადირება. 30 წლის განმავლობაში იაპონია ისლანდიიდან მარაგდებოდა.
ბოლო ხანებში, ისლანდიაში ვეშაპებზე ნადირობა გაართულა თევზაობის აკრძალული ზონის გაფართოებამ, რადგან მეთევზეებს ზღვის სიღრმეში უწევდათ ნადირობა, რაც მეტად ძვირი ჯდებოდა.
კორონავირუსის პანდემიამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან შეზღუდვების გამო, ისლანდიაში მოქმედი ვეშაპის ხორცის გადამამუშავებელი ქარხნები ჩვეულებრივ ვერ მუშაობდნენ.
ვეშაპებზე ნადირობის შეწყვეტის მოსალოდნელ გადაწვეტილებას მიესალმნენ გარემოს აქტივისტები. ვეშაპებისა და დელფინების კონსერვაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დიდ სიხარულს აღძრავს მწვანე აქტივისტებში, რადგან მიუხედავად, ნულოვანი შიდა მოთხოვნილებისა, ისლანდიელმა მეთევზეებმა ბოლო წლებში ასობით ვეშაპი მოკლეს.
ისლანდიამ 2006 წელს განაახლა ვეშაპების კომერციული მიზნით მოპოვება. ამ დროისთვის, მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყანაშია ნებადართული ვეშაპების კომერციული მიზნებით მოპოვება, ისლანდიაში, იაპონიასა და ნორვეგიაში.