შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა.
ვენდი შერმანის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განუცხადეს რუსეთის დელეგაციას, რომ ალიანსი არ აპირებს, უარი თქვას ღია კარის პოლიტიკაზე.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ალიანში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა. შერმანის თქმით, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვიან, თუმცა ამას დრო სჭირდება.
"არ მინდა სხვა ქვეყნების სახელით ვისაუბრო ნატო-ში გაწევრიანების პროცესსა და ვადებზე. არსებობს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, რომელიც მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეტაპებისგან შედგება. ჩვენ ღია ვართ ყველასთვის და ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ ალიანსში გაწევრიანება და ისინი გადიან ამ პროცესს. ამას გარკვეული დრო სჭირდება, ბევრი სამუშაოა გასაწევი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს მაღალი სტანდარტები. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც, რომელზეც ასევე ყველაზე ხშირად ვსაუბრობთ", - თქვა შერმანმა.
ამასთან, ვენდი შერმანმა დასძინა, რომ თავისუფალი ერების სუვერენულ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ვერავინ ხელყოფს.
ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში დასრულდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რომელიც 2019 წლის შემდეგ არ გამართულა. რუსეთისა და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 ქვეყნის წარმომადგენელი და გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო ხელმძღვანელობდა. რუსეთს ასევე წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
ფოტო: Reuters