რომის პაპმა ფრანცისკემ მკაცრად გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვების მაგივრად შინაური ცხოველები ჰყავთ და მას ეგოიზმის გამოვლინება უწოდა.
"დღეს... თვალყურს ვადევნებთ ეგოიზმის გამოვლინებას. ვხედავთ, რომ ზოგიერთ ადამიანს ბავშვის ყოლა არ სურს, ზოგს ერთი ჰყავს, მაგრამ ამასთან ჰყავთ ძაღლები და კატები, რომლებიც ბავშვებს ანაცვლებენ. ეს, შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს რეალობაა", - ციტირებს The Guardian-ი რომის პაპს.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, ასეთი პრაქტიკა ამცირებს ადამიანებს, "გვართმევს ადამიანურობას".
"ცივილიზაცია ბერდება არაადამიანურობის გამო, რადგან ჩვენ ვკარგავთ მამობისა და დედობის ფუფუნებას, შედეგად კი ზარალდება ქვეყანა", - თქვა რომის პაპმა.
ცნობილია, რომ თავად ფრანცისკეს ვატიკანის რეზიდენციაში შინაური ცხოველები არ ჰყავს. 2014 წელს მან გამოცემა Il Messaggero-ს განუცხადა, რომ შინაური ცხოველები ბავშვების ნაცლად "კულტურული დეგრადაციის კიდევ ერთი მაჩვენებლია" და რომ შინაურ ცხოველებთან ემოციური დამოკიდებულება უფრო "მარტივია", ვიდრე "რთული" ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორს.