ყაზახეთის ქალაქ ალმათის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ 6 იანვარს სამართალდამცველების მხრიდან გახსნილ ცეცხლს საპროტეტსო აქციის რამდენიმე მონაწილე ემსხვერპლა.
მისი თქმით, მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, აქციის მონაწილეები პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. მისივე თქმით, დემონსტრანტები ძარცვავდნენ ქალაქში მდებარე იარაღის მაღაზიებს.
ალმათში გვიან ღამით ხელისუფლებამ, როგორც თავად აცხადებს, ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე განხორციელებული აგრესიის აქტად შეაფასა. ამასთან, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა, რაზედაც თანხმობა მიიღო. რუსეთმა უკვე დაიწყო, სამშვიდობო ოპერაციის ეგიდით, ყაზახეთში სამხედროების გადასროლა.
ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო.
მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.
4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. ალმათში დემონსტრანტებმა დაიკავეს და გადაწვეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, როგორც დემონსტრანტთა, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან.
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.