რუსეთმა ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მანდატის ფარგლებში, საჰაერო-სადესანტო ძალები გაგზავნა. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი" ორგანიზაციის სამდივნოზე დაყრდნობით.
სამდივნოს განცხადებით, ყაზახეთში სამშვიდობები სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებს დაიცავენ.
"კოლექტიური სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის ლეგიტიმური ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციაში და რესპუბლიკის სამართლებრივ ველზე დაბრუნება", - აცხადებს ორგანიზაციის სამდივნო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს დავალების შესრულება.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ თანხმობა განაცხადა ყაზახეთში სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნაზე.
ორგანიზაციას დახმარების თხოვნით, ყაზახეთის პრეზიდენტმა 5 იანვარს მიმართა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს "მშვიდობის, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გამყარებას და კოლექტიურ საფუძველზე, წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას".
ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო.
მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.
4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. ალმათში დემონსტრანტებმა დაიკავეს და გადაწვეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, როგორც დემონსტრანტთა, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან.
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.