ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თეოდორე მეორემ დაგმო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება აფრიკაში საპატრიარქო საეგზარქოსოს დაფუძნების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალექსანდრიის ეკლესიის წმინდა სინოდი, მომდევნო სხდომაზე განიხილავს, თუ როგორ უნდა უპასუხოს რუსეთის ეკლესიის მიერ აფრიკაში საეგზარქოსოს დაარსებას.
საეკლესიო კანონიკის თანახმად, მთელი აფრიკის კონტინენტი ალექსანდიის უძველესი მართლმადიდებლური საყდრის დაქვემდებარებაშია, რომელშიც უკანონოდ შეიჭრა რუსეთის საპატარიარქო.
რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილების კომენტირებისას, პატრიარქმა თეოდორე მეორემ განაცხადა, "ღმერთმა შეუნდოს მათ".
რუსეთის ეკლესიამ აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს შექმნა 29 დეკემბერს გამოაცხადა.
შეგახსენებთ, ალექსანდრიის პატრიარქმა 2019 წელს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, რამაც განარისხა რუსეთის ეკლესია, რის შემდეგაც ალექსანდრიის პატრიარქის დიპტიქში მოხსენიება შეწყვიტა.
მოგვიანებით, რუსეთის ეკლესია იუწყებოდა, რომ ალექსანდრიის პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, თითქოს სასულიერო პირების ნაწილი არ დაეთანხმა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მიღებას შეევედრა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკლესიამ ალექსანდრიის ეკლესიის სასულიერო ხარისხიდან განკვეთილი სასულიერო პირები თავის წიაღში მიიღო და მღვდლებად დაადგინა, რითაც უგულვებელყო საეკლესიო კანონიკა.
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო ტახტი პირველია უძველეს მართლმადიდებლურ საყდრებს შორის [კონსტანტინოპოლის შემდეგ], რომლის მწყემსმთავარმაც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.
ალექსანდრიის ეკლესია მეორე ადგილს იკავებს მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში, კონსტანტინოპოლის შემდეგ.