ევროკავშირმა, შესაძლოა, ბირთვული ენერგია და გაზი ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიებად გამოაცხადოს. აღნიშნულის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, რომელიც 1-ელ იანვარს წევრ ქვეყნებს გაეგზავნათ.
დოკუმენტმა, რომელიც საფრანგეთის ინიციატივით მომზადდა, მძაფრი კრიტიკა გამოიწვია გერმანიასა და ავსტრიაში.
დოკუმენტის თანახმად, ბირთვული ენერგია კლასიფიცირებულია, როგორც ეკოლოგიურად სუფთა. ამასთან, ევროკომისია გამოდის წინადადებით, გაზი, გარკვეული დათქმებით, ჩაითვალოს "მწვანე", ანუ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროდ.
ევროკომისიის წინადადების თანახმად, ბირთვული ელეტროსადგურები "მწვანე" ენერგიის წყაროდ იქნება მიჩნეული, თუ ისინი გაითვალისწინებენ ბირთვული ნარჩენების შენახვის წესებს და მშენებლობაზე ნებართვას 2045 წლამდე მიიღებენ.
ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი ელექტროსადგურები კი "მწვანედ" იქნება მიჩნეული, თუ ისინი მშენებლობის ნებართვას 2030 წლამდე მიიღებენ. ამასთან, მათ მოუწევთ მოძველებული აღჭურვილობის ახლით ჩანაცვლება და ნახშირორჟანგის გამოყოფის დადგენილი ნორმის ფარგლებში შენარჩუნება.
ვროკომისიის წინადადებას, იმისათვის, რომ კანონად იქცეს, მხარი ევროკავშირის წევრთა უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს.
წინადადება გააკრიტიკა გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრმა, შტეფი ლემკემ და მას "სრულიად მიუღებელი" უწოდა.
"ენერგიის წყარო, რომელმაც, რეაქტორის ავარიის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს დამანგრეველი ეკოლოგიური კატასტროფები და გამოყოს დიდი რაოდენობით საშიში რადიოაქტიური ნარჩენები, არ შეიძლება იყოს ეკოლოგიურად სუფთა", - თქვა მან.
შეგახსენებთ, გერმანიამ გასული წლის 31 დეკემბერს დახურა 3 ატომური ელექტროსადგური. ამ დროისთვის, ქვეყანაში დარჩა კიდევ 3 მოქმედი ატომური ელექტროსადგური, რომლის დახურვაც იგეგმება წლის ბოლომდე.
საფრანგეთი, პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროკომისიამ ატომური ენერგია ეკოლოგიურად სუფთად აღიაროს.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ბრიუსელში მომუშავე დიპლომატები ამბობენ, რომ საფრანგეთი, რომლიც ენერგიის უდიდეს ნაწილს ბირთვულ ელექტროსადგურებით გამოიმუშავებს. ინტენციურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, რათა დაარწმუნოს ისინი, მხარი დაუჭირონ პარიზის პოზიციას.