ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა, მსოფლიოსადმი საახალწლო გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ 2022 წელის შესაძლოა პანდემიის დასასრულის წელი იყოს.
ღებრეიესუსის თქმით, მიუხედავად ვირუსით ინფიცირების ყოველდღიური რეკორდული მაჩვენებლებისა, მსოფლიოს ხელთ უპყრია "ინსტრუმენტები ამ უბედურების დასასრულებლად".
ოპტიმისტური გზავნილის მიუხედავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება [ვაქცინაციის განაწილების საქმეში] უთანასწორობა, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება პანდემია.
ღებრეიესუსის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე, ვირუსთან ბრძოლის არსებული ინსტრუმენტები არათანაბრად ნაწილდება მსოფლიოში.
"აფრიკის კონტინენტზე ყოველი მეოთხე ჯანდაცვის მუშაკი არავაქცინირებულია, მაშინ როდესაც, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ადამიანები იღებენ ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზებს", - ამბობს ღებრეიესუსი.
"თუ ჩვენ დავასრულებთ უთანასწორობას, ჩვენ დავასრულებთ პანდემიას და გლობალურ კოშმარს, რომლითაც ყველა ერთად ვცხოვრობთ, და ეს სავსებით შესაძლებელია", - დასძინა მან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა მსოფლიო ლიდერებთან მუშაობით, გაზარდოს გლობალური მასშტაბით ვაქცინაციის მიწოდების მაჩვენებელი.