კორონავირუსის ომიკრონი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გააუქმა ახალი წლის ღამეს დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები.
საბერძნეთი
ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპის კონტინენტზე გამწვავდა ეპიდემიოლოგიური ვითარება, მკვეთრად იმატა ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ. ამ ფონზე, საბერძნეთმა გააუქმა ტრადიციული ყოველწლიური ფოიერვერკების შოუ ათენის აკროპოლისზე.

საბერძნეთის მუნიციპალიტეტებს აეკრძალათ საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით საჯარო ღონისძიებების გამართვა.
საბერძნეთში 3 იანვრამდე აღადგინეს პირბადის ტარების სავალდებულოდ ტარების წესი, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში. განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდება პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
საფრანგეთი
საფრანგეთის ხელისუფლებამ გააუქმა საახალწლო ფოიერვერკების გაშვების მასშტაბური ღონისძიება პარიზში, ელისეის მინდვრებზე. ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მასობრივი წვეულებებისა და საჯარო ღონისძიებების გამართვა. პრემიერ-მინისტრმა კასტექსმა რეკომენდაციით მიმართა აცრილ ფრანგებს, რომ საოჯახო შეკრებამდე, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ.

იტალია
კორონავირუსული შემთხვევების მატების გამო, იტალიის ზოგიერთა ქალაქმა უარი თქვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე. ვენეციაში, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ტრადიციული საახალწლო კონცერტებითა და ფოიერვერკებით, წელს მსგავსი არაფერი იგეგმება.
გერმანია და დიდი ბრიტანეთი
გერმანიაში, 28 დეკემბრიდან, გამკაცრდა შეზღუდვები და აიკრძალა საახალწლო მასობრივი ღონისძიებები, ნებადართულია მხოლოდ 10 ადამიანის შეკრება.
ასევე გაუქმდა ადრე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე. ბრიტანეთის დედაქალაქის მერმა სადიკ ხანმა თქვა, რომ ეს იყო "რთული გადაწყვეტილება", მაგრამ "ლონდონელების უსაფრთხოება უპირველესია".
ნიდერლანდები, ბელგია და პოლონეთი
ნიდერლანდების მაცხოვრებლები ახალ წელს ნაწილობრივი ჩაკეტვის პირობებში აღნიშნავენ. ქვეყანაში დაიხურა მაღაზიები (სასურსათოს გარდა), ბარები, სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები და სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი და გასართობი ობიექტები.
ევროპული მედია აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების ბევრმა მცხოვრებმა გადაწყვიტა ახალი წლის აღნიშვნა მეზობელ ბელგიაში, სადაც შესამჩნევად ნაკლები შეზღუდვებია.
პოლონეთში, მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, ღამის კლუბებსა და ბარებს საშუალება მიეცათ ახალი წლის ღამეს უმასპინძლონ შეზღუდული რაოდენობის სტუმრებს.
აშშ
შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო დღეებია ვირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება, ახალ წელს შტატების მიხედვით სხვადასხვაგვარად ხვდებიან.
ნიუ იორკში ტაიმს სკვერზე ყოველწლიური ღონისძიება არ გაუქმებულა, მაგრამ შემცირდა მასშტაბები. მოედანზე შეკრებას მხოლოდ 15 ათასი ადამიანი შეძლებს, ისიც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით. პანდემიამდე ნიუ იორკის მთავარ საახალწლო ღონისძიებას 60 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ლოს ანჯელესში საახალწლო ღონისძიებები მაყურებლის გარეშე გაიმართება, მაგრამ უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ეთერით ტრანსლირება.
ჩიკაგოში ახალი წლის ღამეს ფოიერვერკების გაშვების ღონისძიება გაიმართება, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, შოუზე დასასწრებად კორონავირუსის ტესტი ჩაიტარონ.
ლას ვეგასი არ უშინდება პანდემიას და ახალი წლის ხმაურიანად აღნიშვნას გეგმავს.
ავსტრალია
ავსტრალიაში, რომელიც ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ახალი წელი ყველაზე ადრე დგება, ღონისძიებები უსაფრთხოების მკაცრი ზომებით იგეგმება. კერძოდ, სიდნეიში ფოიერვერკის გაშვების შოუ გაიმართება, მაგრამ მოსახლეობა ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია.

ჩინეთი
ჩინეთის ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ პეკინში, ახალი წლის ზარ-ზეიმით აღნიშვნა არ იგეგმება. პეკინის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, უკეთეს შემთხვევაში, არ დატოვონ ქალაქი.
ჩინეთის იმ პროვინციების მაცხოვრებლებს, სადაც ეპიდომიოლოგიური ვითარება შემაშფოთებელია, პეკინში შესვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ექნებათ.