ხუთშაბათს საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, კრემლის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადებები გაავრცელეს კრემლმა და თეთრმა სახლმა. ოფიციალური განცხადებების მიღმა, კომენტარები გაკეთდა, როგორც ვაშინგტონში, ასევე მოსკოვში.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინის თქმით, თუ ვაშინგტონი შეასრულებს თავის დაპირებას რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების შემოღების თაობაზე, ამას შესაძლოა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების სრულად გაწყვეტა მოჰყვეს.
უშაკოვის თქმით, ბაიდენმა საუბარში აღნიშნა, რომ "თუ ესკალაცია უკრაინის საზღვარზე გაგრძელდება, დასავლეთის ქვეყნები ფართომასშტაბიან სანქციებს განახორციელებენ", მათ შორის ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში.
მისივე თქმით, პუტინმა უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების შესაძლებლობას "უაღრესად სერიოზული შეცდომა" უწოდა.
"ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთ შეცდომები მრავლად იქნა დაშვებული და ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ ამგვარ სიტუაციაში შეცდომები კვლავ არ განმეორდეს“, - დასძინა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ ბაიდენმა პუტინთანს საუბრის დროს რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება ბირთვული ომის დაწყების დაუშვებლობაზე.
ამასთან, უშაკოვის თქმით, ბაიდენმა დაარწმუნა პუტინი, რომ ვაშინგტონი არ აპირებს უკრაინაში შეტევითი იარაღის განთავსებას.
თეთრი სახლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას, ბაიდენმა პუტინს მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის ესკალაციისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დასავლეთი გადამჭრელ ზომებს მიმართავს თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.
"რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის კიდევ შეიჭრება უკრაინაში", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მომავალ მოლაპარაკებებში პროგრესი მხოლოდ სიტუაციის დეესკალაციის გზით მიიღწევა და განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.
სააგენტო Reuters-ი, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა და პუტინმა მონიშნეს სფეროები, სადაც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა მომავალი მოლაპარაკებების განმავლობაში.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სატელეფონო საუბრის შედეგების შესახებ ბრიფინგზე კომენტირებისას დაადასტურა, რომ ვაშინგტონს არ შეუცვლია პოზიცია ნატოში სხვა ქვეყნების გაწევრიანების თაობაზე.
"ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. ალიანსში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილებებს თავად სუვერენული ქვეყნები იღებენ ნატოსთან კონსულტაციით და არა ვინმეს მითითებით", - თქვა პრესმდივანმა ფსაკიმ.
ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთის ინიციატივით გამართული სტელეფონო საუბარი 50 წუთს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური პირები, კრემლის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის თაობაზე, პირისპირ მოლაპარაკებებს 10 იანვარს ჟენევაში გამართავენ. 12 იანვარს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს გაგრძელდება კონსულტაციები ეუთო-ს ფორმატში.