აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 30 დეკემბერს სატელეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რათა განიხილოს მთელი რიგი საკითხებისა, მათ შორის რუსეთთან მომავალი დიპლომატიური ურთიერთობა, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ემილი ჰორნმა.
"ბაიდენის ადმინისტრაცია აგრძელებს ფართო დიპლომატიური ძალისხმევას ევროპელ მოკავშირეებთან და კონსულტაციებს მართავს საერთო მიდგომასთან დაკავშირებით, უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საპასუხოდ. ამ კონტექსტში, პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა ევროპელ ლიდერებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ ნატოსთან, ევროკავშირსა და ეუთო-სთან", - ნათქვამია ემილი ჰორნის განცხადებაში.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, სატელეფონო საუბარი პუტინის ინიციატივით იმართება. როგორც ცნობილია, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეადგინა განსახილველი საკითხების ნუსხა, რომელიც რუსულ მხარეს წარედგინება.
ემილი ჰორნი განცხადებაში დასძენს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სატელეფონო საუბართან დაკავშირებით პუტინის ინიციატივას დათანხმდა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ დიალოგი და მოლაპარაკება, მით უფრო შექმნილ ვითარებაში, უალტერნატივოა.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური პირები, კრემლის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის თაობაზე, პირისპირ მოლაპარაკებებს 10 იანვარს ჟენევაში გამართავენ.