ბერლინის ზოოპარკში ევროპის ყველაზე ასაკოვანი თეთრი დათვი, მეტსახელად "კატიუშა" მოკვდა. ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მათი ცნობით, ზოოპარკის თანამშრომლებმა შობის ღამეს "კატიუშა" თავის ვოლიერში გარდაცვლილი ნახეს.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია იუწყება, 37 წლის ცხოველი ევროპის ტერიტორიაზე, ტყვეობაში მყოფ, ყველაზე ასაკოვან მდედრ თეთრ დათვად ითვლებოდა.
ბერლინის ზოოპარკის განცხადებით, იმისათვის, რომ "კატიუშას" 37 წლამდე ეცოცხლა, განსაკუთრებული პროფესიონალური ზრუნვისა და ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, დათვს ბოლო წლებში გულის დაავადებები აწუხებდა.
"კატიუშა" 1984 წელს გერმანიაში, კარლსრუეს ზოოპარში დაიბადა. 1 წლის ასაკში ის დასავლეთ ბერლინის ტერიტორიაზე არსებულ ზოოპარკში გადაიყვანეს.
პოლარული დათვები ველურ ბუნებაში 25-დან 30 წლამდე ცოცხლობენ, თუმცა ცოტას თუ შეუძლია 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ თეთრი დათვები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ნუსხაშია შესული. ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი კი კლიმატური ცვლილებებია.