25 დეკემბერს, NASA-მ, ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციამ, ისტორიაში უდიდესი ტელესკოპი James Webb/ჯეიმს უები კოსმოსში წარმატებით გაუშვა.
ტელესკოპის გაშვება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე საფრანგეთის გვიანის ტერიტორიიდან, ცენტრ კურუდან განხორციელდა.
NASA ტელესკოპის პროექტზე მუშაობა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მასზე დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. NASA-სთან ერთად ტელესკოპის შექმნაზე, კანადის კოსმოსური სააგენტო (CSA) და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მუშაობდნენ.
"ჯეიმს უების" ტელესკოპი ზომითა და ტექნიკური აღჭურვილობით მრავალჯერ აღემატება მის წინამორბედს, სახელგანთქმულ ჰაბლის ტელესკოპს. ის მკვლევარებს საშუალებას მისცემს დაინახონ სამყაროს შორეული წარსული, პირველი გალაქტიკების და პირველი ვარსკვლავების ფორმირება.
"ჯეიმს უების" ერთ-ერთი უპირატესობა არის ინფრაწითელ და ოპტიკურ დიაპაზონში მუშაობის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას იძლევა შორეული გალაქტიკების შესწავლისა.
ტელესკოპი დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ორბიტაზე განთავსდება, რისთვისაც მას დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება.
"ჯეიმს უების" მიერ მოპოვებული პირველი მონაცემების და ფოტოების მიღება სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში იქნება შესაძლებელი.
