თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ ადგილობრივი წარმოების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა.
"ჩვენი TURKOVAC-ის ვაქცინა, რომელიც გადავიდა წარმოების და გამოყენების ეტაპზე, საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ, არის ძალისხმევის სიმბოლო, რათა დავიცვათ ჩვენი ერი ეპიდემიისგან ყველაზე ეფექტური გზით. მოხარული ვიქნებით, რომ ეს ვაქცინა ყველას გავუზიაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი წარმოება შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენივე მეცნიერებისა და მკვლევარების მიერ არის შემუშავებული. ჩვენ მოხარულები ვართ ჩვენი შიდა ვაქცინის მასობრივი წარმოებით. იმედს გამოვთქვამ, რომ TURKOVAC-ის ვაქცინა, როგორც ჩვენი ერის, ასევე კაცობრიობისთვის სიკეთის მომტანი იქნება," - განაცხადა ერდოღანმა.
TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების ნებართვის გაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ კი განაცხადა, რომ ვაქცინის ფართოდ გამოყენება მომავალი კვირიდან დაიწყება.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, თურქეთი გახდა ერთ-ერთი იმ 9 ქვეყნიდან, რომლებიც აწარმოებენ Covid-19 ვაქცინას.