რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება მიეწერება იმ ეიფორიას, რომლიც დასავლეთმა ცივ ომში გამარჯვების შემდეგ განიცადა და ასევე, დასავლეთის მხრიდან სიტუაციის არასწორ ანალიზს. ამის შესახებ პუტინმა თავდაცვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა მიიღოს სამხედრო-ტექნიკური ზომები, თუ ნატო მის საზღვრებს მიუახლოვდება.
"თუ ჩვენი დასავლელი კოლეგების აშკარად აგრესიული ხაზი გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ არამეგობრულ ნაბიჯებზე", - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს სრული უფლება, განახორციელოს ყველა ზომა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენ იქნება მიმართული.
პუტინის თქმით, მოსკოვი თავისთვის არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ, ექსკლუზიურ პირობებს, "რუსეთი ევრაზიის სივრცეში თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას იცავს", - თქვა მან.
პუტინმა ასევე თქვა, რომ დაიღალა დასავლეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მანიპულირებით.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უნდა თქვას აღმოსავლეთით გაფართოებასა და ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღებაზე, ასევე უარი თქვას უკრაინასა და საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე.