The Guardian-ის ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა წიგნი ბრიუსელში გამართულ აუქციონზე 3500 ევროდ გაიყიდა, რაც ბევრად აღემატება ექსპერტების მიერ დადგენილ თავდაპირველ ფასს.
ტყავის გარეკანიანი ლოცვანის, რომლის ზომა 5x5 მილიმეტრია, თავდაპირველი ფასი 1000-დან 1500 ევრომდე მერყეობდა. თუმცა ანონიმურმა მყიდველმა აუქციონზე ორჯერ მეტი გადაიხადა.

საკომისიოსთან ერთად, მინიატურული წიგნის მყიდველს ჯამში 4200 ევროს გადახდა მოუწევს.
წიგნი შეიცავს ლოცვა "მამაო ჩვენოს" ტექსტს რამდენიმე სხვადასხვა ენაზე - ინგლისური, ფრანგული, ჰოლანდიური, ესპანური, შვედური, გერმანული.
"ნაბეჭდი ტექსტი იმდენად პატარაა, რომ შეუიარაღებელი თვალით არ იკითხება. საჭიროა ძლიერი გამადიდებელი შუშა", - თქვა აუქციონერმა ჰენრი გოდმა.
The Guardian-ის ცნობით, აუქციონზე გაყიდული მინიატურული ლოცვანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ასეული ეგზემპლარიდან, რომელიც 1952 წელს გუტენბერგის მუზეუმმა გამოუშვა. მაშინ ლოცვანის გაყიდვიდან მიღებული თანხა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძლიერ დაზიანებული მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციას მოხმარდა.