სახელგანთქმული ტელესერიალის Sex and the City-ის ვარსკვლავებმა, სარა ჯესიკა პარკერმა, სინტია ნიქსონმა და კრისტენ დევისმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მხარი დაუჭირეს იმ ქალებს, რომელთაც მსახიობი კრის ნოტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.
"ღრმად დამწუხრებულები ვართ იმ ბრალდებების გამო, რომელიც კრის ნოტის მიმართ გამოითქვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალებს, რომლებმაც თავიანთი მტკივნეული გამოცდილება გაგვიზიარეს. ვიცით, რომ ამის გაკეთება ძალიან რთულია და ამისთვის მადლობას ვუხდით მათ", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია Universal Television-მა, სექსუალური ძალადობის ბრალდებების ფონზე, მსახიობი კრის ნოტთან კონტრაქტი შეწყვიტა.
გასულ კვირას Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმა ქალმა Sex and the City-ის ვარსკვლავი კრის ნოტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, რასაც თავად მსახიობმა ტყუილი უწოდა. მოგვიანებით ბრალდებებს კიდევ ერთი ქალი შეუერთდა.