საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში, ფრაქცია "ლელოს" დეპუტატს სალომე სამადაშვილს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე სამადაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მე როგორ ვხედავ, შესაძლო განვითარებას. ვისაუბრეთ საფრთხეებზე, მათ შორის საგარეო ასპარეზზე, უმძიმესი ვითარება გვაქვს, ყველა ვხედავთ, ამიტომ ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას მოთელვაა ინტელექტუალური იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ პროცესი, რომელიც მართლა იქნება ამ ქვეყნისთვის გამოსავალი", - თქვა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შესახვედრად ანა დოლიძე მივიდა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მის მიერ წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა, თუ პოზიციებით.
"ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფოტო: არქივი