პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის, მოსკოვს ესმის ამ მეზობლების ღირებულება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ "რია ნოვოსტის" ცნობით.
"ნებისმიერ შემთხვევაში, რა გზითაც უნდა წავიდნენ ეს ქვეყნები, არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ განვითარდებიან, ისინი ყოველთვის იქნებიან ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად. ეს ჩვენი ყოფილი საერთო საბჭოთა წარსულის ნაწილია", - თქვა რუდენკომ.
რუდენკოს განცხადებით, არავინ უნდა იფიქროს, რომ მოსკოვსა და მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში შიშის ფაქტორი დომინირებს.
"რუსეთის ინტერესები სრულად იქნება უზრუნველყოფილი, თუ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ჭეშმარიტად დამოუკიდებელ სუვერენულ პოლიტიკას განახორციელებენ", - დასძინა რუდენკომ.
"რუსეთის მომავალი ამ ქვეყნებთან ერთად არის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მოქმედებას, ვაცნობიერებთ ამ მნიშვნელოვანი გარემოს სრულ ღირებულებას და მნიშვნელობას", - აღნიშნა რუდენკომ.