მოსკოვში, კრემლის სიახლოვეს მდებარე წითელ მოედანზე დააკავეს ყოფილი პოლიციელი, რომელმაც რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი ერთკაციანი აქცია გამართა.
რუსეთის დამოუკიდებელი მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ყოფილ პოლიციელს უჭრავს პლაკატი წარწერებით: "თავისუფლება ნავალნის", "პუტინი მკვლელია".
ადგილობრივი გამოცემა OVD-Info-ს ცნობით, დაკავებულია პენსიაზე გასული პოლიციის მაიორი, ოლეგ კაშინცევი.
ოლეგ კაშინცევი არის იაროსლავის რეგიონის ქალაქ რიბინსკიდან. ის პოლიციაში 18 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა სამსახურს თავი 2019 წელს დაანება. მისი თქმთ, პრინციპებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ვეღარ შეძლებდა.
კაშინცევი ხშირად მონაწილეობდა რუსეთის ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში.
OVD-Info-ს ინფორმაციით, კაშინცევი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს. პოლიციამ კაშინცევის მიმართ ორი ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა - საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის წესის დარღვევისა და პოლიციის ფორმის უკანონო ტარებისთვის.