სერიალ "სექსი დიდ ქალაქში"-ს ვარსკვლავი, მსახიობი კრის ნოტი ორმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. იუწყება Hollywood Reportet-ი.
თავად მსახიობი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალები, პირობითი სახელებით, ზოი და ლილი, რომლებიც ამჟამად, 40 და 31 წლისანი არიან, მსახიობს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს.
სავარაუდო მსხვერპლების განცხადებით, სერიალის ახალმა სეზონმა, რომლის პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა, გააღვიძა მათი მტკივნეული მოგონებები.
ზოი, რომელიც ახლა 40 წლისაა, ამბობს, რომ ის 22 წლის იყო, როდესაც მსაიობმა 2004 წელს დასავლეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ბინაში გააუპატიურა.
ლილი, რომელიც ახლა 31 წლისაა, ამბობს, რომ ის 25 წლის იყო, როდესაც მსახიობმა 2015 წელს ნიუ იორკის ერთ-ერთ ბინაში გააუპატიურა.

ზოი ამჟამად გასართობ ინდუსტრიაში მუშაობს და გამოცემას ოქტომბერში დაუკავშირდა.
"როდესაც ვნახე, რომ ის კვლავ თამაშობდა სერიალის ახალ სეზონში, ძალიან გავბრაზდი", - ამბობს ზოი.
მისი განცხადებით, აქამდე გამბედაობა არ ჰყოფნიდა ეთქვა, ვინ გააუპატიურა, რადგან ფიქრობდა, რომ სამსახურს დაკარგავდა. ზოი ამბობს, რომ 22 წლის ასაკში მუშაობდა კომპანიაში, რომელთანაც მსახიობი კრის ნოტი თანამშრომლობდა.
მეორე ქალი ლილი ახლა ჟურნალისტია. აგვისტოში მან გამოცემას განუცხადა, რომ მსახიობი 2015 წელს ღამის კლუბში მუშაობისას გაიცნო. მისი თქმით, მსახიობმა სახლში გააუპატიურა, სადაც მან დაპატიჟა.
"თავს საშინლად ვგრძნობდი. ყველა ჩემი წარმოდგენა მსახიობზე, რომელსაც ვაღმერთებდი, უეცრად გაქრა", - თქვა ლილიმ.
მსახიობი კრის ნოტი, რომელსაც Hollywood Reporter-ი ქალების განცხადებების შემდეგ დაუკავშირდა, ბრალდებებს სიცრუე უწოდებს.
"ჩემ წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, აბსოლუტური ტყუილია. ურთიერთობები ორმხრივი შეთანხმებით მოხდა. ზუსტად არ ვიცი, თუ რატომ გაჟღერდა ეს ბრალდებები ახლა, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ მე ეს ქალები არ გამიუპატიურებია", - თქვა მსახიობმა.