მალტის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კანაფის კულტივირებისა და რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენების ლეგალიზებას ახდენს.
თუკი ქვეყნის პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს, მალტა გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ლეგალიზებული იქნება.
კანონპროექტის თანახმად, ზრდასრულ მალტელებს საშუალება ექნებათ შეინახონ 7 გრამამდე კანაფი, ხოლო სახლში არაუმეტეს 4 ძირი კანაფი მოიყვანონ.
ამასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება უკანონო რჩება და ისჯება 235 ევროს ოდენობით, ხოლო ბავშვებთან ერთად მოწევის შემთხვევაში - 300-დან 500 ევრომდე.
ოპოზიცია ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიოდა და ახლა პრეზიდენტს მოუწოდებს, ხელი არ მოწეროს კანონს.
ურუგვაი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 2013 წელს მოახდინა კანაფის პირადი მოხმარების ლეგალიზება, რასაც მოჰყვა კანადა 2018 წელს.