საბერძნეთის ქალაქ კატერინში მოქალაქეთა ჯგუფმა სკოლის მასწავლებელი გაიტაცა, რომელიც "კოვიდ-19"-ის რეგულაციებთან დაკავშირებით აგიტაციას ატარებდა. იუწყება "ევრონიუსი".
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ამ ეტაპზე სამივე გამტაცებელი დაკავებულია, ისინი პატიმრობაში დარჩებიან სასამართლო პროცესამდე.
ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისგებაში ასევე მიეცა 8 პირი, თუმცა მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თესალონიკთან ახლომდებარე ქალაქ კატერინში მოხდა, მაშინ, როდესაც სკოლის 61 წლის მასწავლებელი, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, მოსწავლეებს სკოლის შესასვლელთან, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების თანახმად, ამოწმებდა. მასწავლებელი მოქალაქეებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, დაადეს ხელბორკილები და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, რადგან, მათი აზრით, ის მოსწავლეების თავისუფლებას ზღუდავდა. მათ პოლიციას მამაკაცის დაკავება და ბრალის წაყენება მოსთხოვეს, თუმცა მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა. პოლიციამ მასწავლებელი გაათავისუფლა და უკანონო დაკავებისთვის მოქალაქეთა ჯგუფის წევრები დააპატიმრა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის განათლების მინისტრი და შემთხვევას უპრეცედენტო უწოდა. მისი თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს აკადემიური წრეების წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პირობით გათავისუფლებულ პირებს კი სკოლასთან მიახლოება აეკრძალათ.