ნიდერლანდების ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ორშაბათს მიაღწია კოლიციურ შეთანხმებას, რამაც წერტილი დაუსვა ქვეყნის ისტორიაში მთავრობის ფორმირებისთვის ყველაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებებს და გზა გაუხსნა მარკ რუტეს, მეოთხე ვადით გახდეს პრემიერ-მინისტრი.
მოლაპარაკებები რუტეს ლიბერალურ VVD-ს, მემარცხენე-ცენტრისტულ "დემოკრატები-66" D66-ს, ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსსა CDA და ქრისტიანულ კავშირს CU შორის 271 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
საპარლამენტო არჩევნები ნიდერლანდებში 2021 წლის 17 მარტს გაიმართა, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებმა თითქმის 9 თვეს გასტანა. ეს დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ დიდი ხნის განმავლობაში მემარცხენე-ცენტრისტული D66 პარტია უარს ამბობდა კვლავ რუტეს მთავრობის შემადგენლობაში ყოფნას, რითაც ბლოკავდა მოლაპარაკებების პროცესს.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკვე კოალიციური მოლაპარაკებების დროს, მარკ რუტეს პოლიტიკურმა კონკურენტებმა პრემიერ-მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულეს და პარლამენტში მისი უნდობლობის საკითხიც კი დააყენეს. თუმცა კენჭისყრაზე რუთეს ოპონენტებმა ვერ მიიღეს საკმარისი ხმები და მან შეინარჩუნა მთავრობის მეთაურის პოსტი.
მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტულმა "თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიამ" ამომრჩეველთა ხმების 21.9% მოიპოვა, მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ "დემოკრატები-66" - 15%, მემარჯვენე პოპულისტებმა - 10.8%, CDA-მ - 9.5%, CU-მ - 3.4%.
ნიდერლანდებში პარტიებს არ სჭირდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა პარლამენტში მოხვედრისთვის.