"ორი წლის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძემ საკმაოდ მძიმე რეჟიმში იმუშავა, იყო სერიოზული შემოტევები", აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
მისი განმარტებით, როცა კოვიდმდგომარეობა ასეთია და ეს ყველაფერი ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, არის გარემოებები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სერიოზულად დაძაბავს.
"თანამდებობიდან წასვლის დეტალებზე ტიკარაძე თუ არ საუბრობს და აცხადებს, რომ მოგვიანებით ექნება განცხადება, ჩემი შეხედულების გამოხატვისგან თავს შევიკავებდი, თუმცა ისეთი არაფერი ხდება – მინისტრები, მთავრობები იცვლებიან და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
როგორ შეიძლება, მომავალი მინისტრის კანდიდატურაზე არავინ ფიქრობდეს, დარწმუნებული ვარ, მთავრობაში ამ თემაზე არის ლაპარაკი. ალბათ, უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭო ჩადგება საქმის კურსში. ტიკარაძის პოსტიდან წასვლაზე კომენტარი თუ არ მაქვს, არ ნიშნავს, რომ რაღაცას გიმალავთ. შეიძლება, დეტალებზე კიდევ მეტი ინფორმაცია იყოს. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს გარკვეული პოზიციების შეუთავსებლობას, შეუთანხმებლობას, რომელიც მთავრობის გარკვეულ ნაწილს აქვს. რასაკვირველია, ტყუილად არაფერი ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც დეტალები მაქვს, რაღაც სკანდალურად მიმაჩნია და არ გეუბნებით. კომენტარს თუ არ ვაკეთებ, არ ნიშნავს, რომ სკანდალურობას ვუსვამ ხაზს“, – განაცხადა გია ვოსლკიმ.