საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მთავრობა ქვეყანაში Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს ორი მიმართულებით ახორციელებს - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოვაქს პლატფორმა და ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც ქვეყნებს შორის ვაქცინების გაზიარებას ითვალისწინებს.
"რაც შეეხება Johnson & Johnson ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ კოვაქსის პლატფორმის გზით და ასევე ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების მექანიზმით. ვაქცინების დოზები და შემოტანის ვადები დაზუსტდება უახლოეს ვადებში და როგორც კი დაზუსტდება, ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - თქვა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, 24 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო სექტემბერში სავარაუდოდ გერმანიისგან მიიღებს Johnson & Johnson-ის ვაქცინის 50 000 დოზას.