რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, მოლდოვის ეროვნული ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი ფრთოსანი რაკეტის, „ბანდეროლის“ (S8000) შეჭრა დააფიქსირა.
ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, პირველი რაკეტა მოლდოვის სახელმწიფო საზღვარს ოდესის ოლქის სოფელ იასკის მხრიდან მიუახლოვდა და შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ ტუდორასკენ აიღო გეზი. ქვეყნის საჰაერო სივრცე მან ოდესის ოლქის სოფელ სტაროკაზაჩეს მიმართულებით დატოვა.
მეორე რაკეტა სახელმწიფო საზღვარს ოდესის ოლქის სოფელ ლიმანსკოეს მხრიდან გადმოსცდა და დნესტრისპირეთის სეგმენტის სოფელ პერვომაისკისკენ გადაადგილდა. მოლდოვის საჰაერო სივრცე მან ოდესის ოლქის სოფელ რაზდელნაიას მიმართულებით დატოვა.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო ოპერაციების ცენტრი შესაბამის უწყებებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მოლდოვის სოფელ კიშტელნიცაში, საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში, ასაფეთქებელი მოწყობილობით აჭურვილიდრონი აღმოაჩინეს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა.