სამედიცინო პერსონალი არის ფიზიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გადაღლილი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ძალიან მაღალია.
"დღეს ქვეყანაში აქტიური პაციენტი არის 59 659, აქედან 7 400-მდე არის მოთავსებული სტაციონარებში და დანარჩენი გახლავთ კოვიდსასტუმროებში. 49 000-მდე ადამიანი მკურნალობს ბინაზე. ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არის უკიდურესად მაღალი, ამიტომაც საველე ჰოსპიტლები, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის გარკვეულად შერბილების ერთ-ერთი გზაა. იქ თავსდებიან საშუალო სიმძიმის ადამიანები. ეს გარკვეული ტრიაჟია, იქიდან შესაძლებელია, თუ უკეთესობა იქნება, ბინაზე მკურნალობაზე გადაყვანა, ან თუ დამძიმდა, მაშინ უკვე ჰოსპიტალში, სადაც განთავისუფლდება ადგილი. დღეს ჰოსპიტლებში ადგილების რაოდენობა ძალიან ლიმიტირებულია. პირველად გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც კარგი ნიშანია იმისა, რომ ოდნავ, ძალიან მცირედ ჰოსპიტლებზე დაწოლა შემცირდეს. სამედიცინო პერსონალი არის ფიზიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გადაღლილი", - განაცხადა გამყრელიძემ.