შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპული განათლება საქართველოში უკვე შემოვიდა - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე განაცხადა.
"ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ვსაუბრობთ განათლებისა და მეცნიერების სფეროზე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გაიხსნა შარშან და წელს დასრულდა პირველი აკადემიური წელი. როგორც იცით, ამ უნიკალური უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად საქართველოში გვაქვს მსოფლიო დონის ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპული განათლება საქართველოში უკვე შემოვიდა. ეს არის მართლაც უნიკალური, ჭეშმარიტად საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე და ლექციებს ცნობილ ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ეს უნივერსიტეტი, რასაკვირველია, ემსახურება მთელ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ გურულების არაერთი თაობა, მათ შორის, უნიჭიერესი ოზურგეთელები იქ მიიღებენ ჭეშმარიტად ევროპულ განათლებას", - განაცხადა ჩხენკელმა.