ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ვაჰედულა ჰაშიმიმ საერთაშორისო სააგენტო Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ ავღანეთში დემოკრატია არ იქნება.
ვაჰედულა ჰაშიმის განცხადებით, რომელიც Reuters-ის ცნობით, "თალიბანის" ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირია, "დემოკრატიული სისტემა საერთოდ არ იქნება ავღანეთში, რადგან მას არ აქვს არავითარი საყრდენი ჩვენს ქვეყანაში".
"ჩვენ არც კი განვიხილავთ, რა ტიპის პოლიტიკური სისტემა უნდა გამოვიყენოთ ავღანეთში, რადგან ეს ნათელია. ეს არის შარიათის კანონი", - დასძინა ჰაშიმიმ.
ვაჰედულა ჰაშიმის თქმით, ავღანეთის მომავალი ლიდერი, სავარაუდოდ, "თალიბანის" უზენაესი ლიდერი, ხაიბატულა ახუნძადა იქნება.
კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბული და შედეგად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების სურვილით ახსნა.