გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ავღანეთის მთავრობის დამხობის ფონზე, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, გზა გაუხსნან ავღანელ ლტოლვილებს.
გუტერეშის განცხადებით, ავღანელები იმსახურებენ სრულ თანადგომას.
"მსოფლიო მსოფლიო დამძიმებული გულით ადევნებს თვალყურს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს. მოვუწოდებ ყველა ქვეყნის ლიდერს, გზა გაუხსნან ავღანელ ლტოლვილებს და თავი შეიკავოს დეპორტაციისგან. ავღანელთა თაობებმა განიცადეს ომი და გაჭირვება. ისინი ჩვენს სრულ თანადგომას იმსახურებენ. ახლა სოლიდარობის დროა", - აცხადებს გუტერეში.
კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბული და შედეგად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების სურვილით ახსნა.
თალიბანის მკაცრი მმართველობისა და შარიათის კანონის ამოქმედების მოლოდინში, სასჯელის შიშით ათასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ესწრაფვის და თავშესაფარს მეზობელ ქვეყნებში ეძებს.