პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო ხდება. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე პირბადის ტარება შიდა და გარე სივრცეში ამიერიდან სავალდებულო იქნება.
რა სანქციები ემუქრებათ მათ ვინც აღნიშნულ რეგულაციას არ დაემორჩილება?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის მიხედვით, პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს შემდეგი სახის ჯარიმებს:
1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.
2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება - გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.
4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.
5. ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.